ფადალენდი — იოსელიანების სასტუმრო სახლი მესტიაში (საქართველო, სვანეთი)

სვანეთზე და მესტიაზე

ზემო სვანეთი

ზემო სვანეთი არის საქართველოს ჩრდილო–დასავლეთის მთიანი რაიონი. ამ გეოგრაფიულ აუზში, რომელსაც სამხრეთ–დასავლეთით ესაზღვრება მთავარი კავკასიონის ქედი და სვანეთის უღელტეხილი, თავმოყრილია მრავალი მცირერიცხოვანიდასახლებები. ეს დასახლებები ორგანულად ერწყმიან ლანდშაფტს და გამოირჩევიან თვითმყობადი არქიტექტურით.

სვანეთის ისტორიას ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული. ამ რეგიონის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით ძველი წელთა აღრიცხვის 64–24 წლებში ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ნაშრომებში და ჩვენი წელთა აღრიცხვის პირველი ათასწლეულის რომაულ წყაროებში.

ისტორიულად ზემო სვანეთი პირობითად იყოფა აღმოსავლეთ (ბალს ზემო, თავისუფალ, უბატონო) და დასავლეთ (ბალს ქვემო, სათავადო) ნაწილებად.

აღმოსავლეთი სვანეთი დღემდე შემორჩენილია მისი არქაული კოლორიტით, ცხოვრების ტრადიციული ადათ–წესებით, ძველი ქვითკირის შენობების დიდი რაოდენობით.

სვანეთში ბევრი საინტერესო უნიკალური ობიექტია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ტურისტებს უფრო და უფრო იზიდავს.

კოშკები

სვანეთმა ბევრი უცხოელი მტრის შემოსევა და საქართველოს ფეოდალების შინაომები გამოიარა, იყო ბევრი ქართული სამთავროების წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა სრულფასოვნად შემოინახა ისტორიული და კულტურული თვითმყობადობა. ამის დადასტურებაა სვანეთში შემორჩენილი ძველი, XII-XIII საუკუნეების ქვითკირის კოშკები და საცხოვრებელი მაჩუბები.

სვანური კოშკი სიმაღლით 10–დან 25 მეტრამდეა. მათი უმეტესი ნაწილი კვადრატული ფორმისაა, ფუძეში უფრო ფართე, ხოლო სიმაღლეში შევიწროვებული.

კოშკებს, როგორც ციხესიმაგრეებს – დამცველობითი ფუნქცია ჰქონდათ, ამიტომ ფანჯარა ჩანაცვლებულია გარედან ვიწრო, ხოლო შიგნიდან ფართე ჭრილით (სანცხვრებით). ასეთი ფორმის „ფანჯარა“ ხელსაყრელი იყო იმისათვის, რომ კოშკიდან მტრისთვის ტყვიასთან ერთად დაეშინათ ქვები, ხოლო გარედან სანცხვრების პატარა სივრცეში ტყვიის მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

კოშკები საცხოვრებლადაც გამოიყენებოდა და სათვალთვალო პუნქტადაც. იგი შენდებოდა ადგილობრივი მასალისაგან – რიყის ქვით, ფიქალო ფილებით კირის ხსნარით.

ჩვეულებრივ, კოშკი მიშენებული იყო ქვის საცხოვრებელ სახლზე, რომელსაც მაჩუბი ჰქვია. მაჩუბში სპეციალურად გამოყოფილ სადგომში, რომელსაც ეზოდან ცალკე შესასვლელი ჰქონდა, იზამთრებდა საქონელიც.

დღეს შუა საუკუნეების სვანური კოშკები და მაჩუბები შეცვალა ევროპულმა 2–3 სართულიანმა სახლებმა.

ამაყი, ვაჟკაცური და თავისუფლების მოყვარე სვანი ხალხის ისტორია, ხალხისა, რომელმაც დღემდე შემოინახა თავისი ენა და უნიკალური კულტურა, რამოდენიმე ათასწლეულს მოითვლის. სვანებს არასოდეს არ უწარმოებიათ დამპყრობლური ომები და არც თავად ყოფილან მტრის მიერ ოდესმე დაპყრობილნი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აირჩია სვანმა თავისუფალი ცხოვრება მთაში.

სვანეთში არასოდეს არ ჰქონია ადგილი ბატონყმობას.

თითოეული სვანი ამაყია, იგი დიდი მორალური ტრადიციების მქონე ერის ნაწილია და არასრდეს დაუშვებს რომ მასზე იბატონოს ვინმემ.

ეკლესიები

სვანეთის არქიტექტურაში დომინირებს ადგილობრივი მახასიათებლები.

სვანეთის ეკლესიები, სხვა ქართული ეკლესიების მსგავსად გამოირჩევიან შენობის ხასიათით, შიდა განლაგებით და სამშენებლო მასალით. X-XII საუკუნის ეკლესიათა უმეტესობა ერთი ოთახისაგან შესდგება და თითქმის კუბური ფორმისაა. ეკლესიები აშენებულია ტუფისაგან, რასაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას არ გამოიყენებდნენ.

სვანეთის ეკლესიებში ბევრგანაა შემორჩენილი კედლის ფერწერა, როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთა ფასადზე.

მესტიის ეკლესიებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ლაღამში მდებარე ფერიცვალების ეკლესია, რომელიც აშენებულია IX საუკუნეში.

ხელოვნება

ზემო სვანეთი დამსახურებულად ითვლება ხელოვნების ძველი ნიმუშების საგანძურად. სვანური სოფლები ასეული წლების მანძილზე დღემდე რუდუნებით ინახავენუძველეს ხელნაწერ წიგნებს, შუა საუკუნეების იარაღს, ჭედურობის, ხეზე ჭრის და ხელოვნების სხვა თვალსაჩინო ნიმუშებს.

ალპინიზმი

სვანეთი გარშემორტყმულია მაღალი მწვერვალებით, რომელთაგან ყველაზე ლამაზი და დიადია ამაყი უშბა, იგი ყველა მთამსვლელის ოცნებაა.

უშბა არ არის ყველაზე მაღალი მწვერვალი სვანეთში, მაგრამ მას სირთულის მიხედვით მინიჭებული აქვს უმაღლესი – მეხუთე კატეგორია. ეს ორქიმიანი გოლიათი ბევრი სასიქადულო და გამოცდილი ალპინისტის სიკვდილის საიდუმლოს ინახავს. იყო პერიოდი, როცა უშბაზე ცოცვა აიკრძალა სვანეთის ფერდიდან ე.წ. „სარკის“ – 1200 მეტრის სიმაღლის ციცაბო კედლის გავლით.

სვანეთი ამაყობს მისი სახელგანთქმული სპორტსმენებით. სპორტის ისტორიაში შევიდა ისეთი ალპინისტების სახელები, როგორიცაა: ბესარიონ, ბექნუ და გაბრიელ ხერგიანები, გიო ნიგურიანი, ილიკო გაბლიანი, მაქსიმე გვარლიანი, ჭიჭიკა ჩართოლანი და სხვა.

ლეგენდარულ ალპინისტს მიხეილ ხერგიანს ინგლისის დედოფალმა „კლდის ვეფხვი“ უწოდა.

მიხეილ ხერგიანს კავკასიის და მსოფლიოს ბევრმა მწვერვალმა მოუდრიკა ქედი.

მრავალგზის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულ კლდის ვეფხვს 1969 წელს იტალიის დოლომიტებმა უმტყუნეს; სუალტოზე ლაშქრობის დროს ქვის ცვენამ გადაჭრა თოკი და მიხეილ ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოსწყდა კედელს.

უამრავი ტურისტი ჩამოდის მესტიაში იმისათვის, რომ მიიღონ მონაწილეობა მიხეილ ხერგიანისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულში და დაათვალიერონ ალპინისტის სახლ–მუზეუმი.

მესტია

მესტია საქართველოს ერთერთი ლამაზი, იდუმალი და კავკასიონის მთებში ჩაფლული კუთხის – სვანეთის ისტორიული, კულტურული და რელიგიური ცენტრია. იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 1500 კმ–ის სიმაღლეზე. ზუგდიდიდან ჩრდილო–აღმოსავლეთისაკენ დაშორებულია 128 კმ–ით.

მესტია ქალაქის ტიპის დაბაა და მისი ტერიტორია მოიცავს 3044,5 კმ2 -ს, რაც საქართველოს ტერიტორიის 4,4 %-ია. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 14248 კაცს (დაახლოებით – 2600 კომლს).

მესტიაში მაცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცით, გმირული სულით, უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ადათ–წესებით, რომლებსაც სვანები უკანასკნელი 4000 წლის მანძილზე ინახავენ.
დაბა მესტია მდებარეობს მდინარეების მესტიაჭალასა და მულახურას შეერთებაში და განფენილია 6 კმ–ზე. მას გარს აკრავს: სამცხრეთიდან ზურულდის ქედი, ჩრდილოეთიდან – მთა ცხაკვზაგარი, აღმოსავლეთიდან – ბანგურიანის მთის მასივი, ხოლო დასავლეთით ლაჰილის მწვერვალის პანორამა იშლება.

მესტიის შუასაუკუნეების არქიტექტურა შეტანილია UNESCO –ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. http://whc.unesco.org/en/list/709

მესტიაში მდებარეობს ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ინახება უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები და სხვა რელიქვიები.

ზემო სვანეთის ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს მესტიის ძველი უბნები, ისეთები, როგორიცაა ლაღამი, ლანჩვალი და ლეხთაგი, მარგიანების ძველი საცხოვრებელი კომპლექსი კოშკით და მაჩუბით, მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი და სხვა.

მესტიაში რამდენიმე მინერალური წყაროს წყალი მოედინება. ყველა სხვადასხვა შემადგენლობისაა და სამკურნალო თვისებების მატარებელი.

მესტიიდან არც თუ ისე შორს გადის მთის სალაშქრო ბილიკები ჭალაადის მარადმზრალობისკენ და აგრეთვე ქორულდის ტბებისაკენ.

ახლახან მესტიის ცენტრიდან 7 კმ–ის დაშორებით გაიხსნა სათხილამურო კურორტი ჰაწვალი, სადაც ფართე ასფალტირებულ გზატკეცილს მივყავართ.

inmestia@gmail.com